2023 წლის 19 მაისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან გამოფრენილი ავიახომალდი ეშვება - 4 წლიანი პაუზა სრულდება. ბორტზე 70-მდე მგზავრია, მათ შორის ის ქართველები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას წლების განმავლობაში ელოდნენ. ხომალდიდან გადმოსულ ემიგრანტებს კი აგრესიული შეძახილებით ხვდებიან.
ამ "სიძულვილის კორიდორს" სათავეში უდგას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული - ელენე ხოშტარია. რუსული ელიტარული დიპლომის მფლობელი ოკუპანტთან პირდაპირ ფრენებს პარტია "დროას" ლიდერის სტატუსით აპროტესტებს და ქართულ პოლიციას თავს ესხმის.
მაშინ ქართული პოლიცია წესრიგის დასამყარებლად მოქმედებდა, ოპოზიცია კი, სავარაუდოდ, სწორედ კომფორტისთვის ზრუნავდა - ოღონდ არა ემიგრანტების, არამედ ბრიუსელისთვის. ოპოზიციონერების ნარატივი ერთი-ერთში ემთხვეოდა ევროპული ბიუროკრატიის დღის წესრიგს. ევროპელი ჩინოვნიკებიც ხოშტარიასა და მისი მეგობრების მსგავსად, ფრენების შეჩერებასა და სანქციების დაწესებას, ერთი მეორის მიყოლებით, საჯაროდ მოითხოვდნენ.
დროსთან ერთად იცვლება რიტორიკა. ევრობიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა ახალ რეალობას შობს. 2023 წლის რიტორიკა ახალმა პოლიტიკურმა ტალღამ ქვიშაზე ნაწერივით გადაშალა.
ბრიუსელში არც კი უცდიათ ქართველებისთვის აეხსნათ, რატომ მოუწოდებდნენ თბილისს 2023 წელს "ეკონომიკური თვითმკვლელობისკენ", მაშინ, როდესაც თავად ფარულად ვაჭრობდნენ, ნავთობს იღებდნენ და ღვინოს ყიდდნენ. სამ წელიწადში კი საჯაროდაც აღიარებენ, რომ თურმე რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დროა.
სანამ ე.წ. პროევროპელები ქუჩაში პარტაქტივის გამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, არავინ კითხულობდა, ვინ გადაიხდიდა ამ პროპაგანდისტული ომის საფასურს. იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მყოფი მოქალაქეები სანქციებს ითხოვდნენ, თუმცა მათთვის პატრიოტული ლირიკის მიღმა არსებული რეალობა, რაც მოთხოვნის შესრულებას მოჰყვებოდა, პროტესტის იდეოლოგებს არ აუხსნიათ.
ორმაგი სტანდარტებით უკვე ევროკავშირის შიგნითაც შეწუხდნენ. დღეს იქ სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ე.წ. სუვერენიტეტის სტიგმატიზაციაზე. გამოვლინდა ისიც, რომ ბრიუსელის გეგმა ხშირად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: ევროპის კონტინენტზე "ცეცხლის რკალი" სხვისი ხელით და სხვისი მშვიდობის ხარჯზე გაფართოებულიყო.
ერთ დროს ომის მომხრეები დღეს უკვე მოსკოვთან მოლაპარაკების გზებს ეძებენ. მაგრამ ჩნდება კითხვა: შეძლებს თუ არა ბრიუსელი საქართველო არა დამხმარე ჭანჭიკად, არამედ თანასწორად აღიაროს და თბილისთან კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს?
ვიდრე ბრიუსელში მოსკოვთან ახალი ფურცლის გადაშლის აუცილებლობაზე მიანიშნებენ, ქართველი აქტივისტები კვლავ ძველ პოსტერებს აფერადებენ. თუმცა მათ, ვინც კვლავ ენჯეოკრატიის ეშხშია, პარლამენტიდან ახსენებენ: დრო შეიცვალა - გარეთ უკვე 2026 წელია.
პოლიტიკა იცვლება, ნარატივები ცვდება, კადრები კი - რჩება. უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, ათასობით მსხვერპლის ფონზე, კიევი ისევ ევროატლანტიკური სივრცის მიღმაა. დასავლეთი კი, რომელიც უკრაინას ბრძოლის სანაცვლოდ ყველაფერს ჰპირდებოდა, დღეს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას აანონსებს.