პარიზი-მოსკოვი - დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე აღდგენილია. ემანუელ მაკრონს ევროპელებთან ერთად ვლადიმერ პუტინთან უკვე დიალოგის "ორგანიზება" სურს. მიზანიც გაცხადებულია.
ამას ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანასაც რუსეთთან ათასობით კილომეტრი აშორებს. მაშინ რატომ საყვედურობდნენ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის გამო, რომლის მიზანიც ოკუპანტ მეზობელთან ღია კონფრონტაციისგან თავის არიდება იყო? - კითხვას სვამენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც ევროპელი ლიდერების შეცვლილი რიტორიკა არ უკვირთ. უკვირთ ის ორმაგი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრორუსულ ნარატივში სწორედ ისინი ადანაშაულებდნენ, ვინც ახლა თავად ცდილობენ რუსეთთან პირდაპირი კავშირების დამყარებას.
"ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე და იხსენებს, რა მასშტაბის კრიტიკა და პოლარიზაცია მოჰყვა საქართველოს არჩეულ გზას უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. სპიკერი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გარდა, საფრანგეთსა და საქართველოს ერთმანეთისგან, თეორიული რიტორიკა და რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმე განასხვავებს.
სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა დღესაც სხვაგვარად ესმით ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციაში ერთის მხრივ აღიარებენ, რომ კონტინენტზე რუსეთთან დიალოგის საჭიროება დაინახეს, მეორეს მხრივ კი ამტკიცებენ, რომ ევროპელ ლიდერებს პოზიცია არ შეუცვლიათ.
სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხსნის მმართველი პარტია სახელმწიფო პოზიციას, რომელსაც საქართველომ 2022 წლის თებერვლიდან მიჰყვება. რუსეთისთვის სანქციების დაწესების და გაცილებით აგრესიული პოლიტიკისკენ მოწოდებების მიუხედავად. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სცენარი ისტორიულად ნაცნობია, პარალელს ავლებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაწყებულ გადატვირთვის პოლიტიკასთან.
საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ლატვია, ესტონეთი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები პუტინთან მოლაპარაკებების სურვილს აღარ მალავენ. მათი ნაწილი უკვე მოსკოვსაც სტუმრობდა.