უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრე ონიანის და იმ ტრაგიკულ ისტორიას იხსენებენ, რომელმაც უდიდესი ადგილი დაიკავა საქართველოს უახლეს ისტორიაში და წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვეობის მეხსიერებაში. რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან დაახლოებით ერთსაათიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, ალექსანდრე ონიანმა ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია და ნათლულთან, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად, თავი ყუმბარით აიფეთქა.
18 წლის გასვლის მიუხედავად, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებისთვის ტკივილი და მოგონებები არსად გამქრალა. იხსენებენ ისტორიებს, რომლებიც 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის თავდადებას ასახავს. ამბობენ, რომ მათი შვილები, მამები თუ ძმები მშვიდობიანი საქართველოსთვის იბრძოდნენ და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის გაწირეს.
შინდისში გმირთა მემორიალი და დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ის ადგილია, სადაც ყოველი წლის 11 აგვისტოს ყველა, გმირების ხსოვნის პატივსაცემად მიდის. ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და თანამებრძოლებთან ერთად, გმირების თავდადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გაიხსენეს.
გმირობა, რომელიც სამაგალითოა და მომავალი თაობები უნდა აღზარდოს. დღეს შინდისის მემორიალთან მისული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის შეწირული ჯარისკაცების სიცოცხლე ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველას ავალდებულებს, ქვეყნის სწორ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას მემორიალთან მისვლით პატივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიაგეს.
იქ, სადაც 18 წლის წინ ტყვიების ხმა ისმოდა და უთანასწორო სისხლიანი შეტაკება მოხდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მშვიდობაზე საუბარი. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშვიდობის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ დღევანდელი დღე წუხილთან ერთად სიამაყის საფუძველიცაა, რადგან საქართველოს გასაჭირის დროს ყოველთვის ჰყავდა ისეთი გმირები, რომლებიც სამშობლოს გადარჩენისთვის თავს სწირავდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდიდან, შინდისის ბრძოლიდან, 18 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად საავტომობილო კოლონით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. შეტაკებისას 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.