ცისტური ფიბროზის დიაგნოზი ნიკოს ექიმებმა 4 წლის წინ დაუსვეს. საათობით გაგრძელებული ინჰალაციები, მედიკამენტები და დაუსრულებელი ვიზიტები ექიმებთან - ასეთია ბერიძეების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება.
ამ რთულ რეალობას კი სულ მალე ერთი მედიკამენტი, "ტრიკაფტა" შეცვლის. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ხელშეკრულების პირობები არ საჯაროვდება, თუმცა აშშ-ში ერთი პაციენტის მკურნალობის წლიური ხარჯი 300 000-დან 400 000 დოლარამდე მერყეობს. საქართველო იქნება იმ ორმოც სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი, რომელიც მედიკამენტით მკურნალობას სრულად დააფინანსებს.
მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სარჯველაძემ პაციენტების მშობლებს გაუზიარა.
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა. მშობლების განცხადებით, ინოვაციურ პრეპარატზე ხელმისაწვდომობა მათი შვილებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ჯანმრთელობის ხარისხზე აისახება.
საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზი 110 პაციენტს აქვს. ეს არის მძიმე მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ცისტური ფიბროზის დროს ორგანიზმში გამომუშავდება წებოვანი ლორწო, რომელიც იწვევს მძიმე რესპირატორულ ინფექციებს. მედიკამენტმა "ტრიკაფტამ" დაავადების მკურნალობის პროცესში რევოლუციური გარდატეხა მოახდინა. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ პრეპარატი ამსუბუქებს სიმპტომებს და მთლიანად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.
ჯანდაცვის სისტემა მედიკამენტის შემოტანას სექტემბერში გეგმავს. პარალელურად, ფართოვდება სახელმწიფო პროგრამები, რაც საინჰალაციო პრეპარატების, ანტიბიოტიკების და სტაციონარული მომსახურების დაფინანსებას მოიცავს.