08 აგვისტო 2026,   14:34
ვრცლად
"უდაბნოს ყვავილების" ამბავი კახეთიდან

არის საკითხები, რაზეც ამბობენ: "ასე იყო მიღებული". ამ ფრაზით ამართლებენ წარსულს, ამ სიტყვებით მთავრდება ბავშვობა. და სწორედ ამავე სიტყვებით სრულდება საუბარი იქ, სადაც სინამდვილეში კითხვები უნდა დაისვას.

"უდაბნოს ყვავილების" ამბავი კახეთიდან

"უდაბნოს ყვავილი" - ამ სახელწოდებით და სენსიტიური შინაარსით, ვარის დირის ავტობიოგრაფიულმა წიგნმა 1998 წელს მსოფლიოს გააცნო ტრადიცია, რომელსაც კულტურის რიტუალით შეფუთული
დანაშაული ჰქვია. სუდანელი ქალი, რომლის სახელიც თარგმანში "უდაბნოს ყვავილს" ნიშნავს, პირველად ალაპარაკდა იმაზე, რაც მის მიკრო-სოციუმში იმდენჯერ ხდებოდა, რამდენი გოგონაც იბადებოდა.

ტრადიციას გოგონების წინადაცვეთა ჰქვია უფრო გასაგებად, მათი გენიტალიების დასახიჩრება. კიდევ უფრო კონკრეტულად კი კლიტორის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა. "რიტუალის" შემსრულებელი ხშირად საველე პირობებში, ანტისანიტარიაში და ანესთეზიის გარეშე მოქმედებს ეს შეიძლება იყოს თემის "ექიმბაში" ან უხუცესი ქალი.

ამ პრაქტიკის მატარებელმა თემებმა საკუთარ თავთან "დაასაბუთეს", რომ ქალის სასქესო ორგანო მხოლოდ გამრავლებისთვის არსებობს და სქესობრივ კავშირში სიამოვნების მიღება ქალს არ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ქალის სექსუალობის "დაქვეითების გასაღებად" მიიჩნიეს დასახიჩრება და ეს "გასაღები" ტრადიციად მხოლოდ აფრიკაში კი არა, სხვა ქვეყნებშიც, კონკრეტულ დახურულ თემებში გავრცელდა.

და დიახ ეს სასტიკი პრაქტიკა საქართველოსთვისაც უცნობი არ ყოფილა. თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ.

ვარის დირის წიგნი მოგვიანებით ფილმადაც იქცა. ეკრანიზაცია ოსკაროსან რეჟისორს ეკუთვნის და რეალურ ისტორიას მიჰყვება: ბავშვობა, რომელიც ბედნიერად და ლაღად დაიწყო, ქალობის წინ იმ წერტილში დასრულდა, სადაც "რიტუალი" ერთ წამში ცხოვრებისეულ განაჩენად გადაიქცა.

ვარისთვის მთავარი ბრძოლა 5 წლის ასაკში დაიწყო უკვე საკმარისად დიდს, რომ ტკივილი გაეაზრებინა, მაგრამ არასაკმარისად ძლიერს, რომ წინააღმდეგობა გაეწია. ახსოვს ტკივილი გონების კარგვამდე. ახსოვს დიდი, სისხლიანი ხელები. ახსოვს დედა, რომელიც მისი შველის ნაცვლად იმ სისხლიან ხელებს მიეშველა. მაშინ საკუთარ თავს ვერ უშველა, მაგრამ გავიდა წლები და სხვა პატარა გოგონებისთვის თავად იქცა მშველელად.

ვარის დირის როლი სიმბოლურიცაა და პრაქტიკულიც: მან ხმა მისცა ქალებს, რომელთაც ამ "აუცილებელ რიტუალთან" ერთად ცხოვრების გამოუსწორებელ შედეგებთან უწევთ თანაცხოვრება. ბევრისთვის კი ეს სიცოცხლეც მიუწვდომელი გახდა ზოგმა არასტერილურ გარემოში ჩატარებულ უხეშ მანიპულაციას ვერ გაუძლო, ზოგიც მოგვიანებით, ქალობაში შესვლისას დაწყებულ ფსიქიკურ პრობლემებს ემსხვერპლა.

დღეს გოგონების წინადაცვეთა ბევრ ქვეყანაში კრიმინალიზებულია და აკრძალულია და ეს შედეგი, ნაწილობრივ მაინც, ვარის დირის მრავალწლიანი ბრძოლის გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს. მან მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ორგანიზაციაც დააარსა, სახელად - "უდაბნოს ყვავილი"

საკუთარი ხალხის მანკიერ ტრადიციაზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარი გამბედაობას მოითხოვს. "უდაბნოს ყვავილი" კი იქცა ერთ-ერთ ყველაზე გამბედავ ხმამაღალ მოწმედ. და შემდეგ მისი გამბედაობა სხვებმაც გაიზიარეს აფრიკაშიც, აზიაშიც, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში… და საქართველოშიც კი.

ვარის მსგავსად ხმამაღლა ვერა, მაგრამ დედისთვის დაწერილი წერილის გამოქვეყნებით კახეთში მცხოვრები ხუნძებისა და ავარების თემში არსებული პრაქტიკა გაამჟღავნა ხურამანმა - ქალმა, რომელმაც საკუთარი გამოცდილება საჯაროდ აქცია, რომ სხვებს გადაერჩინა.

"9 წლის ვიყავი წინადაცვეთა, რომ გამიკეთე. შენ ალბათ პატარა გეგონე, მაგრამ მე ის ტკივილი მახსოვს. მაშინვე გავაცნობიერე, რომ ეს დაღი მთელი ცხოვრება გამყვებოდა. სულ ველოდი, რომ ამისთვის ბოდიშსაც მომიხდიდი, მაგრამ ალბათ ახლაც გჯერა, რომ სწორად მოიქეცი. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს ამას არასოდეს გავუკეთებ"

ეს წერილი ლეკების თემიდან გაქცეული ქალის ისტორიის ნაწილია - ქალი, რომელმაც გაქცევით საკუთარ შვილს უშველა. ხურამანის ნაბიჯს მოგვიანებით ყვარელში სხვა "უდაბნოს ყვავილებმაც" მიბაძეს.

"ჩვენს თემში ქალად დაბადება წყევლაა" - ნაია

"დედაჩემი აკეთებდა წინადაცვეთას. მახსოვს როგორ მოჰყავდათ პატარა გოგონები როგორ ტიროდნენ" - ლალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ლეკებით დასახლებულ სოფლებში, მრავალი ქალი დღემდე ამ გამოცდილების მატარებელია. ამბობენ, რომ პრაქტიკა "ძველებზე" დარჩა და ბავშვებს აღარ ეხება, რადგან ქვეყანაში ის კანონით აკრძალულია.

თუმცა თემებში ხშირად ისევ არ აღიარებენ ტრადიციის სისასტიკეს; ამბობენ, რომ უბრალოდ "ასე იყო მიღებული".

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივში მცხოვრები უხუცესი დაღესტნელი ქალი საქინათა გასანოვი კი დღემდე ამ პრაქტიკაზე ისე საუბრობს, როგორც აუცილებლობაზე. ის სიამაყით ჰყვება, როგორ გაუკეთა წინადაცვეთა სამივე ქალიშვილს, შემდეგ კი მათ შვილებსაც. თუმცა სინანულით აღნიშნავს, რომ შვილთაშვილებისთვის ამის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. მისი თქმით, საქართველოში წინადაცვეთას "ბებია ქალები" უკვე აღარ თანხმდებიან.

"მე ამას ძალიან პატარებს ვუკეთებდი, 3 თვიდან 1 წლამდე, როცა ვერ ხვდებოდნენ რას უკეთებდნენ. ამ დროს ბავშვი ტკივილს ვერ გრძნობს. პატარაზე რომ ბრიტვა დაუსვა რას იგრძნობს?. არც გართულება ჰქონია ვინმეს. საავადმყოფოში არ კეთდებოდა, მაგრამ სუფთად კეთდებოდა და არავის პრობლემა არ ჰქონია. ამის გაკეთება აუცილებელი იყო. ისე ქალს ცოლად არავინ წაიყვანდა." - ყვება საქინათა გასანოვი.

წლების განმავლობაში ავარები გოგონების წინადაცვეთას რელიგიური მოწოდებით ხსნიდნენ. თუმცა მუფთმა ეს პრაქტიკა საჯაროდ და მკაცრად უარყო. რელიგიურ უარყოფას თან დაერთო კანონმდებლობის გამკაცრებაც - ამ ორმა ფაქტორმა ერთად ძლიერი შემაკავებელი ეფექტი შექმნა.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რიგ შემთხვევებში მსგავსი მანიპულაცია დღესაც ტარდებოდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სრულიად გასაიდუმლოებული იქნება. პარადოქსია, მაგრამ სწორედ "საიდუმლოს გამჟღავნება" აღმოჩნდა მრავალი გოგონას გადარჩენის გზა: როდესაც ხმამაღლა ითქვა ის, რასაც ადრე ჩუმად მალავდნენ.

"უდაბნოს ყვავილები" XXI საუკუნეშიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. მაგრამ დროის სვლასთან ერთად, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილების პარალელურად, ეს სასტიკი ტრადიცია დამაბნეველი სახელებით, გამოგონილი ლეგენდებით და "აუცილებლობის" არგუმენტებით - ნელ-ნელა უნდა იქცეს არა ნორმად, არამედ წარსულად.

დღის ამბები