"რუსთავი 2-ის" ვებგვერდის ჟურნალისტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინშია. უწყებამ ეკა გიგაური სამართალდამრღვევად ცნო. დადასტურდა ისიც, რაზეც 2 თვის განმავლობაში, ტელეკომპანია საუბრობდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსგან ეკა გიგაურს უკვე დაევალა სოციალური ქსელიდან იმ პოსტის აღება, რომელიც ერთის მხრივ ჟურნალისტის უფლებებს ლახავს, არ არის სრულად დაფარული მისი ვინაობა და ტელეფონის ნომერი, პარალელურ რეჟიმში კი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან თეონა გუდაბანძის მიმართ ბულინგისა და ზიზღის კამპანიის აგორებას უწყობს ხელს.
სააგენტო ამბობს იმასაც, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს სურს, "რუსთავი 2"-ის ვებგვერდის ჟურნალისტის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იყოს. "კურიერი" ეცადა ეკა გიგაურთან ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა სამართალდამრღვევი, რომელიც თავს უფლებადამცველად მიიჩნევს, "კურიერთან" არც წერილობით და არც სატელეფონო კომუნიკაციაზე არ გამოდის.
ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია 2 თვის წინ გაავრცელა. 2 თვე დასჭირდა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს ფაქტის გამოსაკვლევად და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის ბრალეულობის დასადგენად.