სამი დღე გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებელ ჯგუფებთან - მაიამიში მხარეებმა ომის შეჩერების პირობები განიხილეს.
კიევის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სტიფ უიტკოფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიალოგის ძირითადი ნაწილი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის სამომავლო რეალიზებას, უსაფრთხოების გარანტიების პირობებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებს დაეთმო. შეხვედრის ბოლოს, უკრაინამ და შტატებმა იდენტური განცხადებები გაავრცელეს.
პარალელურად, პროდუქტიულად და კონსტრუქციულად შეაფასა უიტკოფმა შეხვედრები რუს მომლაპარაკებლებთან.
"რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნის მიმართ კვლავაც სრულად ერთგული რჩება," - დაწერა ტრამპის მომლაპარაკებელმა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხევდრის შემდეგ.
ცნობილია კრემლის პოზიციაც - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ უკრაინის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლოს შემუშავებული პირობების უმეტესობა მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის.