ქაღალდი, პლასტმასი, მინა, მეტალი, მუყაო - თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების, გადამუშავების და ხელახლა გამოყენების პრაქტიკა ინერგება. მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა უკვე გაწერილი აქვს. 366-ს გვერდიანი დოკუმენტი, 22 მთავარ პუნქტს მოიცავს. მთავარი მიზანი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნაა.
ქუჩებში განთავსდება ურნები, რომლებიც იქნება დაყოფილი ცალ-ცალკე მწვანე, სველი და მშრალი ნარჩენებისთვის. მცენარეული, საკვები და არაორგანული მასალა ერთმანეთისგან განცალკევებით მოთავსდება. გაიზრდება კონტეინერების რაოდენობა და ის მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, კერძო დასახლებებში 3 კონტეინერიანი, ხოლო მრავალბინიან ზონებში 2 კონტეინერიანი სისტემა დაინერგება.
ურნების განთავსება 22 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია. გეგმა 2025-დან 2030 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. რეაბილიტაცია უტარდება გადამტვირთ სადგურს, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეგროვდება და დაიპრესება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბალიაშვილის ქუჩაზე გარემოსთვის უსაფრთხო და მოდერნიზებული ობიექტი ამუშავდება. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დიდ ლილოში მდებარე ნარჩენების პოლიგონზეც, სადაც ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა. "თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ გადამუშავებული მასალის რეალიზაცია ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.
გეგმა ასევე ითვალისწინებს სამშენებლო ნარჩენების მოწესრიგებას. შემცირდება შეგროვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ცნობიერების ამაღლებაც. მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები და საინფორმაციო კამპანიები.
პროექტებზე 60 მილიონ ევრომდე დაიხარჯება. დოკუმენტი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების რამდენიმე წლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ეს გეგმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 20-წლიან სტრატეგიულ ხედვას ეფუძნება. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ ბოლო სხდომაზე დაამტკიცა, 2040 წლისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება 80%-მდე უნდა გაიზარდოს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.