12 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
"ვიხილეთ მორიგი შურისმაძიებლური თავდასხმა საქართველოზე" - თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტზე

ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტს, "ღამის კურიერის" ეთერში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დოკუმენტი საქართველოზე მორიგი თავდასხმაა.

"დღეს გაიმართა ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი შეხვედრა, გამოქვეყნდა ანგარიში. ჩვენ ვიხილეთ მორიგი შურისმაძიებლური თავდასხმა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, იმის გამო, რომ მათ თავის დროზე "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ" და ვერ შეძლეს საზოგადოების იმგვარი დაშანტაჟება, რომ ეს გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან პროტესტში, რაც, საბოლოო ჯამში, არის მათი პირდაპირი მიზანი. მიზანი, რაც უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების შეცვლით და იმგვარი ხელისუფლების მოყვანით, რომელიც იქნებოდა მარიონეტი შესაბამისი ჩრდილოვანი, გლობალური ძალების ხელში და შეასრულებდა უაპელაციოდ ყველა დაკვეთას, რომელიც, მათ შორის, საქართველოსთვის იქნებოდა უკიდურესად საფრთხის შემცველი და ნეგატიური შედეგების მომტანი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა გადაზრდილი ეგზისტენციალურ გამოწვევებში, ჩვენი სახელმწიფოსთვის," - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაკავებულები, გააუქმოს კანონები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საუბარია მოლოდინზეც, რომ ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტზე კონსენსუსის არარსებობის გამო, ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გავრცელდა, რადგან პროექტს მხარი ერთმა დელეგაციამ არ დაუჭრა.

დღის ამბები