რატომ არ რეაგირებს ევროკავშირი ერთი სტანდარტით ორი ქვეყნიდან წამოსულ იდენტურ კრიტიკაზე? - "განსხვავება ის არის, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას" - ასე პასუხობს კალასი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით "რუსთავი 2-ის" შეკითხვას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ ბრიუსელის მიმართ ამერიკისა და საქართველოს რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ამბობს, რომ არ ემთხვევა ქვეყნების საერთო მიზანი - ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამ არგუმენტით ამართლებს მიდგომას, რომ ვაშინგტონისთვის დასაშვები, თბილისისთვის დაუშვებელია.
პასუხების ნაცვლად ზედაპირული არგუმენტები - "ქართული ოცნებისთვის" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა თავის არიდება კონკრეტული საკითხისგან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს სჭირდება მკაფიო პასუხები იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რომელსაც კანდიდატი ქვეყნის შემდეგ უკვე ბრიუსელის მთავარი პარტნიორიც საჯაროდ სვამს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია არ ცდება. ხელისუფლების ოპონენტები კაია კალასის მსგავსად იმეორებენ, რომ ამერიკას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, ამიტომ ბრიუსელს უფლება აქვს ვაშინგტონისგან განსხვავებით თბილისის მისამართით მკაცრი ტონიც ჰქონდეს.
სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ევროკავშირში ამერიკის გაწევრიანებაზე აქცენტი რეალურად არის გაქცევა საკითხისგან, რომელსაც ვერაფერი ამართლებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებების ნაცვლად, ევრობიუროკრატები უნდა დაფიქრდნენ, თუ რატომ აკრიტიკებს ბრიუსელს ერთმანეთის მიყოლებით, ერთნაირად, კანდიდატი ქვეყანაც და მთავარი პარტნიორიც.
"ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო?" - ეს რიტორიკული შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარემ დასვა, რომელიც სოციალური ქსელით ესტონელი პოლიტიკოსის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას. ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ევროკავშირის ორგანოების საქმიანობა ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, არსებული ტენდენციები კი შესაცვლელია, რადგან ის საფრთხეს უქმნის, ზოგადად, ევროპის კონტინენტს.