დონალდ ტრამპის ადვოკატებმა, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავაში, მონტაჟთან დაკავშირებულ საქმეზე საკუთარი სარჩელის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის კომენტარები გამოიყენეს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
კონკრეტულად, სამართლებრივ დოკუმენტში ნათქვამია:
"არანაკლებ ავტორიტეტულმა პირმა, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, ისაუბრა ამ მიკერძოებაზე, BBC-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობასა და BBC-ის რეალური ბოროტების ნიმუშზე".
"ტრასმა აღნიშნა: "[BBC] უზარმაზარი პრობლემაა. ისინი იტყუებოდნენ, ატყუებდნენ, აფუჭებდნენ კადრებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში, მაგრამ ასევე მალავდნენ იმას, რაც ხდება ბრიტანეთში, იქნება ეს მასობრივი მიგრაცია თუ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები, ისინი ყოველთვის მიკერძოებულები არიან მემარცხენეებისკენ..."
"მას ასევე ჰკითხეს, საკმარისი იყო თუ არა BBC-ის უემოციო ბოდიში და მან უპასუხა: "არა, არ ვიცი, რადგან ისინი ამას ისევ და ისევ აკეთებენ. ისინი წლების განმავლობაში ქმნიდნენ პრეზიდენტ ტრამპის სრულიად მცდარ სურათს ბრიტანეთში, იგივეს აკეთებდნენ ჩვენს ქვეყანაში კონსერვატორების მიმართ...". BBC-ის, როგორც ჟურნალისტიკის "მაგალითის" სტატუსის დაკარგვის გამო, მან აღნიშნა, რომ BBC-ის "ყალბი ამბები" დიდი ხნის განმავლობაში უზარმაზარ ზიანს აყენებდა საზოგადოებას".
დოკუმენტში ასევე ნახსენებია კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკი, რომელიც რეგულარულად ადანაშაულებდა მაუწყებელს მემარცხენე მიკერძოებაში.
დოკუმენტში ნათქვამია: "კონსერვატიული პარტიის ლიდერმა და პარლამენტის წევრმა კემი ბადენოხმა განაცხადა, რომ Panorama-ს დოკუმენტური ფილმის მიერ სიტყვის დამახინჯება "აბსოლუტურად შოკისმომგვრელი" იყო და დასძინა: "ეს არის ყალბი ამბავი, სინამდვილეში სხვადასხვა რამის ერთად შერწყმა, რათა რაღაც იმისგან განსხვავებულად გამოიყურებოდეს, რაც სინამდვილეში იყო".
"მან განაგრძო: "და მე ვფიქრობ, ვის მიერაც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩადენილი, უნდა გაათავისუფლონ, სწორედ ეს უნდა გააკეთოს ტიმ დეივიმ - დაადგინოს ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია და გაათავისუფლოს ისინი".
"ბადენოკმა დასძინა: "საზოგადოებას უნდა შეეძლოს ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა... მათ არ უნდა გვითხრან ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის კორპორაცია, რომელმაც უმაღლესი სტანდარტები უნდა დაიცვას და ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არასწორად იქცევიან, ისინი უნდა დაისაჯონ, ისინი უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან".