"ბრომობენზილ ციანიდი" იგივე "კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებით დაადგინა, რომ 2024 წლის 4-5დეკემბრის ღამეს, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთი საათის წინ ჩატარდა. უწყება აცხადებს, რომ მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს". თემაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ გამოძიების გარეშეც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს იყო სიცრუე:
"სუს-ის გამოძიებითაც დადასტურდა ის, რა აბსურდის თეატრიც შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ ყველაფერში BBC-ი ჰყავდათ ჩართული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთ დროს ასეთი რეპუტაციის მქონე ტელემაუწყებლობა, ასეთი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე. თუმცა, გასაკვირი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკიც კი შეეწირა და თავისი რეპუტაცია შესწირა საქართველოში რომ ზეწოლა განეხორციელებინათ კონკრეტულად ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. გამოძიების გარეშეც, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს არის ჩვეულებრივად სიცრუე,"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.