13 აგვისტო 2026,   16:26
ვრცლად
"ძალიან მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გვქონდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა" - ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს უმასპინძლა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

"ძალიან მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გვქონდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რომელსაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის და დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ის ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან. ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რაც მხარს უჭერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თუ სხვადასხვა რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და შენარჩუნებას, იქნება ეს ეკლესიები, ხელნაწერები თუ სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით", - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

დღის ამბები