11 აგვისტო 2026,   23:13
ვრცლად
თანამედროვე ბაღების გაშენება, ვეტერინარულ სფეროში თანამშრომლობა, სურსათის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება - დავით სონღულაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თანამედროვე ბაღების გაშენება, ვეტერინარულ სფეროში თანამშრომლობა, სურსათის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთანხმების, რომელიც საქართველოსა და ისრაელს შორის უკვე შედგა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრთან ერთად დავით სონღულაშვილი ვოლკანის ინსტიტუტს - სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცენტრს ეწვია. მიღწეული ინოვაციებისთვის 2017 წელს ცენტრს იუნესკოს საერთაშორისო პრემია მიენიჭა. მხარეებმა ორი ქვეყნის აგრარულ-სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისრაელის პარლამენტშიც, სადაც დავით სონღულაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილა.

დავით სონღულაშვილმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყნის აგროსასურსათო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ინვესტორებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ. სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 20-მდე კომპანია ესწრებოდა

ისრაელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი შეხვდა გარემოს დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრებსაც. ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

საქართველოს დელეგაცია იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე მესამესაც შეხვდა. დავით სონღულაშვილმა იერუსალიმის პატრიარქს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა. ისრაელში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა.

დღის ამბები