ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ონლაინმედიებსაც ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მრავალმილიარდიანი ინვესტიციისა და ეროვნული მნიშვნელობის პროექტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი საქართველოში ეკონომიკური პროგრესის შეფერხებაა. პრემიერი ამბობს, რომ "იგლ ჰილსის" პროექტის გაშავების მცდელობა ფუჭი, ამ კოორდინირებულ მოქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი კი უკომპრომისო იქნება.
24 ათასი სამუშაო ადგილი მშენებლობის პროცესში, 8 ათასი მუდმივად დასაქმებული, 500-მილიონიანი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად - ხელისუფლება მრავალმილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობაზე საუბრობს, ევროპელი დონორებისგან დაფინანსებულ ონლაინმედიებში კი, მათივე შეფასებით, მხოლოდ დეზინფორმაცია შუქდება.
მათ შორის "მთის ამბებში", რომელშიც ხელისუფლების და მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ უარყოფითი სტატიები წარსულშიც ბევრი გავრცელებულა და რომელსაც გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს. "კურიერმა" დღეს დონორ ორგანიზაციებს შეკითხვებით მიმართა, თუმცა პასუხები არც ონლაინმედიის დამფინანსებელმა და არც თავად მედიის წარმომადგენელმა გაგვცა.
ონლაინმედიების დაფინანსება და მათი საქმიანობა რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, ამას არ უარყოფს საპარლამენტო ოპოზიცია. არც იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია, თუმცა, "იგლს ჰილსის" პროექტს ხელისუფლების ოპონენტები მაინც სკეპტიკურად უყურებენ და ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ.
კითხვები მმართველ გუნდს კი ოპოზიციასთან ონლაინმედიებთან და მათ დამფინანსებლებთან დაკავშირებით აქვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც USAID-მა და NED-მა მუშაობა შეწყვიტა, ევროპელი დონორების ფული, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად, ონლაინმედიასთან მიდის. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ამ ონლაინმედიების საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ძალები, რომელთა მიზანიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა.
ქვეყნის გარედან დაფინანსებულ კოორდინირებულ კამპანიებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
6.6 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ინვესტიციას, გონიოსა და თბილისში, ცნობილი არაბული კომპანია "იგლ ჰილსი" ახორციელებს. მრავალმილიარდიანი პროექტის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დაიწყება.
ავტორი: ნანა გოგატაძე