ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა და სადაც ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცესები, ევროინტეგრაციული პროცესები ევროპულ კავშირს არასოდეს არ გაუჩერებია.
"ევროპულმა კავშირმა თავის მხრივ გააჩერა რამდენჯერმე სხვადასხვა თანამშრომლობის პაკეტი, მაგრამ გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცესები, ევროინტეგრაციული პროცესები ევროპულ კავშირს არასოდეს არ გაუჩერებია. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ "ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, შეაჩერა ოცნებამ.
"ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, შეაჩერა ოცნებამ. რა არის გასაკვირი იმაში, რომ თუნდაც ერთი წლის წინ, ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს. ეს გავიგე, როცა წავიკითხე ეს წერილი, უბრალოდ ზოგადი აღიარება უკუსვლის, რაც ჰქონდა საქართველოს და არა ის, რომ ეს ფაქტი იყო დადასტურებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის ელჩს სურს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროს და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი ერთ-ერთი რიგითი წერილით შემოიფარგლებოდა?" - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე