26 აგვისტო 2026,   14:05
ვრცლად
საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის კულტურის დამაკავშირებელი ხიდი - სამარყანდში შეკრებილ იუნესკოს დელეგატებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა

საქართველოსა და მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იუნესკოს როლზე კულტურის დაცვის, მეცნიერებისა და განათლების განვითარების პროცესში. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნესკოს 194 წევრი ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დელეგაციის წევრებთან ერთად ორმხრივი აუდიენცია გამართა. დღესვე მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და იუნესკოს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს.

დღესვე იუნესკოს კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ქართული კუთხეც, სადაც სხვადასხვა სტენდების სახით წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე 8 ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართული ღვინო და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - "ჩაკრულო", რომელიც ანსამბლმა "ბასიანმა" შეასრულა.

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში საქართველოს დელეგაციამ ოფიციალურ მიღებაზე იუნესკოს წევრი ქვეყნების დელეგატებს უმასპინძლა. სტუმრებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა და ქვეყნების დაახლოების პროცესში კულტურის როლს გაუსვა ხაზი.

დღის ამბები