სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვისთვის მრევლმა შეკრება დილიდან დაიწყო. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართის დღესასწაულს აღნიშნავს.
შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ. მეუფე შიომ აქცენტი რწმენის სიმტკიცის მნიშვნელობაზე გააკეთა. წაიკითხა ილია მეორის სპეციალური მიმართვაც, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
სვეტიცხოვლობა მრევლს ამბიონიდან მიულოცეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქრისტიანული კულტურა და იდენტობა - საქართველოს პრეზიდენტი აქცენტს ქვეყნის ისტორიაში რელიგიის როლზე აკეთებს. მილოცვამდე კი, მიხეილ ყაველაშვილმა, სპეციალურად ამ დღისთვის 70 პირი შეიწყალა. ქვეყნის და ეკლესიის გაძლიერება, ქრისტიანული ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნება - მთავარი გზავნილი იყო პრემიერ-მინისტრისგან. სახელმწიფო რელიგიის 17 საუკუნოვან ისტორიაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.
დღევანდელ დღეს აღინიშნება მცხეთობაც. ქალაქის ცენტრში საგამოფენო და სამეწარმეო სივრცეები მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა სადღესასწაულო კონცერტებიც.
სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს მოციქულებს იხსენიებს, 14 სექტემბერს კი კვართის დღესასწაულია.