18 აგვისტო 2026,   17:39
ვრცლად
კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალადობრივი აქციის დაგმობის ნაცვლად - პრემიერი ევროპარლამენტარების და ოდირის განცხადებების მიღმა, ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ კრიზისს ხედავს

კრიტიკა ხელისუფლებას ძალადობრივი აქციის დაგმობის ნაცვლად - პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებისა და ოდირის განცხადებების მიღმა, ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ კრიზისს ხედავს. ირაკლი კობახიძემ, EPP-ი, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა", გაცხადებული რევოლუციის ირიბ მხარდამჭერებად მოიხსენია. თქვა, რომ როდესაც ქაოსის შექმნის მცდელობისგან გამიჯვნის ნაცვლად, მხარს მის მონაწილეებს უჭერ, ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი შეიძლება გქონდეს.

ევროპის სახალხო პარტიამ, ოდირის მისიის მსგავსად, კრიტიკული წერილი 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ გაავრცელა. ტექსტის ერთ-ერთი თანაავტორი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი რასა იუკნევიჩიანეც იყო. ევროპელ დეპუტატებს არაფერი უთქვამთ პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობაზე. მათი აზრით, პროცესების დემოკრატიულად წარმართვა მხოლოდ იმ ადამიანების გათავისუფლებას შეუძლია, რომლებიც ძალადობის ორგანიზებისა და აღსრულების ბრალდებით არიან დაკავებული.

EPP-ის მსგავსად, ირაკლი კობახიძის აზრით, ორმაგი სტანდარტით მოქმედებს ოდირიც. სადამკვირვებლო მისია, რომელმაც მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგზე უარი თქვა, პრემიერის განცხადებით, ძალადობრივი მოვლენების პროპაგანდისტულ შეფასებას ცდილობს.

ევროდეპუტატების პოზიცია დღეს ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს. პოლიტიკოსები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ღამესვე რევოლუციურ შტურმს და თანამებრძოლებს გაემიჯნნენ, ახლა ამტკიცებენ, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ძალადობის არ დაგმობა დემოკრატიის მხარდაჭერაა.

სახელისუფლებო გუნდისთვის ევრობიუროკრატების დუმილი ძალადობის წახალისებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების დამხობის სცენარზე, სწორედ გარეაქტორების მხარდაჭერამ წაიყვანა. დაპატიმრებულების მხარდასაჭერად გავრცელებული ტექსტები კი, ამის კიდევ ერთი დასტურია.

4 ოქტომბერს ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორი 5 პოლიტიკოსი დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები