სპორტის მინისტრი ქართული საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" მოდიფიკაციასთან დაკავშირებით სათამაშო სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართული საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა და ფონდის მოდიფიკაციის შესახებ ესაუბრა. დაგეგმილია ფონდის განახლება და მასში ყველა სათამაშო სახეობის გაერთიანება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე დავით ლაშხი. დავით ლაშხმა კლუბების წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინა და დაგეგმილი ინიციატივები გააცნო.
მინისტრმა ფონდის მოდიფიკაციის შესახებ შეხვედრა რაგბის კლუბებთანაც გამართა. ფონდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.