ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მუჰამედ-ბაღერ ყალიბაფი აცხადებს, რომ ისლამურ რესპუბლიკაში არეულობის გამოსაწვევად მზადება მიმდინარეობს და ამ მიზნით, შესაძლოა, მოტივად საწვავის კრიზისი და ბენზინის გაძვირების საკითხი იქნას გამოყენებული.
"როგორც ღია, ისე საიდუმლო ინფორმაციის მიხედვით, მტერი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და ის სამხედრო ოპერაციებს, მათ შორის ტერორს და სეპარატისტულ ქმედებებს, დაუკავშიროს. ეს კი ე. წ კოგნიტიური ომით დაასრულოს.
ამ გეგმის განხორციელების მიზნით, მტერი მთავრობის მიერ ბენზინის მოხმარების შემცირებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს. ამიტომ ბენზინის დეფიციტის პრობლემა ყოვლისმომცველი და ძალიან გონივრული გეგმით უნდა მოგვარდეს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ადრე ბენზინის მოხმარების შემცირება ეკონომიკური აუცილებლობა იყო, დღეს ის უკვე გარდაუვალია და გადაწყვეტილების მიღების გადადება ზოგადი, ერთი შეხედვით მიმზიდველი, მაგრამ განუხორციელებელი მოსაზრებებითა და გეგმებით აღარ შეიძლება.
ბენზინის მოხმარება ისეთი გზებით უნდა შემცირდეს, რომლებიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს სამართლიანობას და მოსახლეობაში უკმაყოფილებას მინიმუმამდე დაიყვანს. ამასთან, აუცილებელია საზოგადოების დარწმუნება, რათა მტერს საკუთარი მიზნებისთვის სიტუაციის გამოყენების შესაძლებლობა არ მივცეთ.
თუ ბენზინის პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, ეს უდავოდ იმოქმედებს მტრის ახალი გეგმის ჩაშლაზე და მტერი იმ დასკვნამდე მივა, რომ სხვა გზა აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ ირანელი ხალხის პირობები მიიღოს.
განსაკუთრებით მივმართავ ყველა დეპუტატს, ექსპერტსა და მედიის წარმომადგენელს: როგორც გადაწყვეტილების მომზადების ეტაპზე პრაქტიკული გზების შეთავაზებისას, ისე ყველა განხილვის შემდეგ საბოლოოდ შერჩეული გადაწყვეტილების განხორციელებისას, აუცილებელია მთავრობის თანადგომა და კოორდინაცია.
ბუნებრივია, რომ მთავრობამ დღეს, როგორც არასდროს, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ექსპერტებისა და კრიტიკოსების მოსმენას და მათი მოსაზრებების გათვალისწინებას.
ნებისმიერი დაპირისპირება და უთანხმოება ქვეყნის დასუსტებას გამოიწვევს და მტერს იმედს გაუჩენს,"- აცხადებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.