2025 წლის "არტისტერიუმის" დასკვნითი პროექტია სახელოვნებო ჯგუფის "რაფანის" ვიდეოინსტალაცია, რომელსაც მაყურებელი მზიურის პარკში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში - "კუბში" იხილავს.
"არტისტერიუმი" თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს მოიცავს.
"რაფანი" ჩეხეთის რესპუბლიკაში 2000 წელს შეიქმნა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან დევიდ კორინეკი, ირჟი ფრანტა, ონდრჟეი ბროდი, ოლივერ ტორი და ლუდეკ რათუსკი. დაფუძნებისთანავე, საკუთარი წინააღმდეგობრივი პროექტებით, ჯგუფმა გამორჩეული ადგილი დაიკავა ჩეხურ არტ-სცენაზე. მათი მთავარი ფოკუსია სოციალური ტრავმების და ტაბუების კვლევა: დეპორტაცია, კომუნისტური წარსული, ნეონაციზმი და სხვ. ასევე მათ ინტერესის სფეროს წარმოადგენს კოლექტიური მეხსიერება, დანაშაული, მორალი და პასუხისმგებლობა, თვალთვალი და ბიუროკრატია.
"კუბში" წარმოდგენილი ვიდეოინსტალაცია - "ყველას ყველაფრის უფლება გვაქვს" - მიწის პოლიტიკას იკვლევს.
"ერთი პეიზაჟის ორი სახე. ცენტრში - ამორფული თავის ქალა, "მანქანის ანთებული გული", რომელიც მიწას ათბობს, მაგრამ არ აცოცხლებს. ინსტალაცია აერთიანებს ორგანულს, ტექნოლოგიურს და პოლიტიკურს: მიწის ეროზია არა ბუნებრივი, არამედ სუბსიდირების, ვალის ეკონომიკისა და ინდუსტრიული მეურნეობის შედეგია, რომელმაც მიწა საბუღალტრო ანგარიშების ობიექტად გადააქცია. ქარის ტურბინები ჰორიზონტზე მიანიშნებს, რომ "მწვანე" ინფრასტრუქტურაც კი ჰორიზონტის ექსპროპრიაციას და სამართლიანობის მუდმივ დეფიციტს გულისხმობს.
ბავშვების ნაბიჯები ზიანის საზომია - ისინი მიწაზე დადიან, მაგრამ არ ფლობენ მას. ტექნოლოგია ძალაუფლების ოპტიკაა, მექანიზმი, რომელიც მიწას ამუშავებს, მაგრამ არ ქმნის მეხსიერებას. ორი გამოსახულება ერთსა და იმავე სივრცეს, იერარქიის სხვადასხვა ბოლოდან უყურებს: სიცოცხლე და მანქანა, მოწმეები და შემსრულებლები, სადაც ნებისმიერი ურთიერთქმედება მიწაზე კანონს წერს.
რა რჩება მტვერში, როდესაც მოტორი ჩუმდება?
სად მიდიან ბავშვები, როდესაც მიწა იკარგება?"
"არტისტერიუმის" მხარდამჭერია "შემოქმედებითი საქართველო" და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.