21 აგვისტო 2026,   10:11
ვრცლად
მილიონები თეთრდება, მაგრამ უკრაინის პარლამენტი დაღუპულთა წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს - სოფია ფედინა

ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გაძლიერდეს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოები და მათ, ბოლოს და ბოლოს, მიხედონ „მიდასებს“, „ოფისიატებს“ და სხვებს - თქვენ თავად იცით, ვისთან დაახლოებულ პირებს - მათ, ვინც 150 მილიონს ათეთრებს, - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრი, სოფია ფედინა.

დეპუტატის თქმით, მისი კოლეგები საკუთარ ვალდებულებებს ვერ აცნობიერებენ და დაღუპულთა წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

„თქვენ სრულიად პარალელურ რეალობაში ცხოვრობთ. თქვენს თავზე რაკეტები და „შაჰედები“ არ ფეთქდება. თქვენ არ გიწევთ უძილო ღამეების გათენება და არასდროს გინახავთ ნანგრევები, საიდანაც ადამიანებს ამოჰყავთ.

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ნანახი და განცდილი რომ გქონდეთ, დღეს, ტრადიციულად, პარლამენტის დარბაზი სავსე იქნებოდა და რადა მზად იქნებოდა, ემუშავა არა თქვენ მიერ დაწესებული გრაფიკით - დილის 10 საათიდან 2 საათამდე - არამედ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა აუცილებელი კანონპროექტების მისაღებად. ჩვენ დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების მთელი სია გვაქვს. მეტიც, გუშინ სამართალდამცველთა საკითხების კომიტეტმა ამ ვალდებულებების ნაწილი უბრალოდ სანაგვეში მოისროლა, ოღონდ, ღმერთმა ნუ ქნას, არ განეხილათ - რადგან ამ კანონპროექტებმა შესაძლოა გააძლიეროს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო. ასევე, ამან შეიძლება სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს გადახალისებას შეუწყოს ხელი, რაც „ბანკოვნისთვის“ (ზელენსკის ოფისისთვის) პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხეს შექმნის.

ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გაძლიერდეს სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოები და მათ, ბოლოს და ბოლოს, მიხედონ „მიდასებს“, „ოფისიატებს“ და სხვებს - თქვენ თავად იცით, ვისთან დაახლოებულ პირებს - მათ, ვინც 150 მილიონს ათეთრებს.

ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამის გაკეთება არ გინდათ. იმიტომ, რომ პარლამენტი დაღუპულთა წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

უბრალოდ შეგახსენებთ: ყველაფერი, რაც დღეს ხდება, მხოლოდ პუტინის სინდისზე არ არის - ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა. პარლამენტს შეუძლია, საკუთარი სუბიექტურობა და დამოუკიდებელი როლი აღიდგინოს. ამისთვის კი უნდა გაიხსენოთ, რომ თქვენ უბრალოდ ბრმად თითის დამჭერი „მწვანე ღილაკები“ კი არა, უკრაინის მოქალაქეები ხართ, რომლებსაც იმ მოქალაქეების წინაშე აქვთ ვალდებულებები, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს", - აცხადებს სოფია ფედინა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები