ეკონომიკის ზრდასა და მაკროეკონომიკურ პერსპექტივებს განიხილავენ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ბიზნესასოციაციის ინიციატივით იმართება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პრემიერი შეხვდა, რომელმაც ისაუბრა ბოლო წლებში, ეკონომიკური ზრდის ტემპზე ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელ პირობებზე, მშვიდობასა და პოლარიზაციის შემცირებაზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია.
"ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. თუმცა, გამოწვევების ნაწილში, გამოჩნდა, რომ ოდნავ გაზრდილია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ძალიან ღიად იყო საუბარი. მათ შორის, პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, იქნება მოხსნილი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
კომპანია "ლუკოილ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილის, შავლეგ მიშველიძის თქმით, ბიზნესს აქვს დადებითი მოლოდინები.
"ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ, დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით", - აცხადებს შავლეგ მიშველაძე.