ისტორია, რომელიც 34 წლის წინ დაიწყო და დღესაც "გადატვირთვის" მოლოდინშია: ამერიკელი პუბლიცისტის, ტომას ჰოლცის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა ეგზოტიკურად დაიწყო. 1991 წლის 30 ივლისს, ჯორჯ ბუში უფროსი მოსკოვში ეწვია მიხეილ გორბაჩოვს, 1 აგვისტოს კი კიევში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ აშშ არ დაუჭერდა მხარს ქვეყნებს, რომლებიც ეროვნებათშორის სიძულვილზე დამყარებულ ნაციონალიზმს აღვივებდნენ.
ბუშს ქვეყანა არ უხსენებია, თუმცა თბილისში მიიჩნიეს, რომ საუბარი საქართველოზე იყო - იმ ქვეყანაზე, სადაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა სულ ოთხი თვის წინ გამოაცხადა. მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტს ანტიქართული განწყობებიც დაახვედრეს, რასაც ანგარიშიც გაუწია - ასეთი იყო იმდროინდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური კონტექსტი. ამის პასუხად, 9 აგვისტოს, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ღია წერილი:
"იმპერიის მიერ დაპყრობილ ყველა სახელმწიფოს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება არჩევანის გაკეთების. ბატონი ბუში საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების ბრძოლას თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის ნაციონალიზმის სახიფათო გამოვლინებას უწოდებს... ჩვენ ვისურვებდით, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და მთავრობა მხარს უჭერდნენ არა კომუნიზმს, ტირანიას და მოჩვენებით რეფორმებს, არამედ ჭეშმარიტ დემოკრატიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დარჩება აშშ თავისი ისტორიული მისიის ერთგული."
პრეზიდენტებს შორის საჯარო პოლემიკაც იყო: ჯორჯ ბუშმა საქართველოს მთავრობას "დინების საწინააღმდეგოდ მცურავები" უწოდა, ზვიად გამსახურდიამ კი უპასუხა: "დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან." რა დინებაზე იყო საუბარი და რატომ არ შეუერთდა საქართველო "ნოვა აგარიოვის" პროექტს - ამ თემაზე გადაცემაში "ისტორია დეტალებში" კონსტანტინე გამსახურდია საუბრობს:
"უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებული იყო "ნოვა აგარიოვის" ხელშეკრულებასთან, რომელიც მოამზადა მიხეილ გორბაჩოვმა და მას გარკვეული ნაწილი მაშინდელი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებისა უჭერდა მხარს. თუმცა, იყო მეორე ნაწილი, რომელიც წინააღმდეგი იყო ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის.
როდესაც ჯორჯ ბუში უფროსი ჩავიდა კიევში და ეს იყო 1991 წლის ივლისში, მან ღიად მოუწოდა რესპუბლიკებს - თავად უკრაინასაც და სხვა რესპუბლიკებსაც, რომ მხარი დაეჭირათ მიხეილ გორბაჩოვის ახალი პროექტისთვის და ხელი მოეწერათ, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის ახალი ფორმით აღორძინებისთვის, განახლებისთვის - შეიძლება სხვადასხვანაირად ვუწოდოთ ამას.
ეს უნდა ყოფილიყო ახალი ტიპის ფედერაცია, ერთიანი სახელმწიფო. უფრო ცუდი კი ის იყო, რაც ჩემს წიგნში აღვნიშნე - რომ საბჭოთა 15 რესპუბლიკა კი არ იყო გაერთიანებული ამ ახალ ფედერაციაში, არამედ მას მიემატებოდა კიდევ სხვა სუბიექტებიც - სავარაუდოდ 25-დან 35-მდე. ეს უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ავტონომიური წარმონაქმნები. საქართველოსაც ჰქონდა სამი ავტონომიური წარმონაქმნი, ასევე სხვა რესპუბლიკებსაც. რუსეთის ფედერაციაშიც იყო ისეთი ავტონომიური წარმონაქმნები, რომლებიც უნდა გათანაბრებულიყო რესპუბლიკებთან," - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისივე თქმით, დასავლეთიდან იყო ზეწოლა, მათ შორის პრეზიდენტ ნიქსონის ვიზიტის სახით, რათა ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება შეცვლილიყო. "დასავლეთიდან იყო გარკვეული ზეწოლა - მაგალითად, პრეზიდენტ ნიქსონის ვიზიტი. პრეზიდენტ ბუშს აინტერესებდა, რას აპირებდა ზვიად გამსახურდია, აპირებდა თუ არა შეუერთდებოდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. მისი ვიზიტის შედეგი ის იყო, რომ მან გაიგო ამის თაობაზე - კერძოდ, უარის შესახებ.
ის ასევე დაესწრო რეფერენდუმს. რეფერენდუმის ჩატარება ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ვერ შეუერთდებოდა ახალ ფედერაციას. არადა, მაშინ იყო გამოცხადებული გარდამავალი პერიოდი, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა დააჩქარა ეს პროცესი და დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული უკვე 9 აპრილს, 1991 წელს.
ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, თავად ცენტრში მიმდინარე პროცესები - "ნოვა აგარიოვის" ხელშეკრულების დაჩქარებული წესით მიღება და ძალზე დიდი ზეწოლა ამ მხრივ. კერძო არმიებიც გააქტიურდა, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფოს. მიღებულ იქნა კანონმდებლობა, რომ თუ ესა თუ ის რესპუბლიკა დააპირებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მას ავტონომიური ერთეულები ჰქონდა, მაშინ ამ ავტონომიურ ერთეულებშიც უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი - უნდოდათ თუ არა, მათ საბჭოთა კავშირში დარჩენა.
თუ უნდოდათ, მაშინ ისინი უნდა გამოეყონ რესპუბლიკას. ეს საკანონმდებლო ცვლილება 1991 წლის იანვარში შევიდა ძალაში და სწორედ ამან დააჩქარა მოვლენები. ასევე, აგრესიული მოქმედებები იყო ცხინვალში, სამაჩაბლოში - ვგულისხმობ, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდიოდა პირდაპირ გამოუცხადებელი ომი," - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.