08 ივნისი 2026,   17:42
ვრცლად
სპეცოპერაცია საგურამოში - უკრაინის მოქალაქე დედა-შვილი "დადების" მეთოდს იყენებდნენ და ნარკოტიკს მცხეთის ტერიტორიაზე ტოვებდნენ

61 წლის ქალმა სამართალდამცველები ნარკოტიკების სამალავთან თავად მიიყვანა. ადგილზე, პოლიციას, გასაყიდად გამზადებული დიდი რაოდენობით ე.წ. ფაქტი დახვდა.

61 წლის ქალი დაკავებულია. მასთან ერთად პოლიციამ ხელბორკილები 31 წლის მამაკაცსაც დაადო. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი დედა-შვილი არიან - ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო. უკრაინის მოქალაქეები საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ და ქირით ცხოვრობდნენ.

"კურიერის" ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტი იმ დროს აღკვეთა, როდესაც ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო ნარკოტიკს სამალავებში ტოვებდნენ.

სამალავებიდან და დედა-შვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილოგრამამდე "მეტადონი". გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი ჰქონდათ.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა სქემა, რომლითაც უკრაინის მოქალაქეები მოქმედებდნენ. ნარკოტიკების გასაყიდად ძირითადად "დადების" მეთოდს იყენებდნენ: ე.წ. ფაქტს მცხეთის ტერიტორიაზე ტოვებდნენ, უღებდნენ ფოტოს და კლიენტს უგზავნიდნენ.

სამალავების ერთ-ერთი ლოკაცია ჯვრის მონასტრის ტერიტორია იყო. დედა-შვილი სხვადასხვა რაოდენობით დაფასოებულ ნარკოტიკს, ძირითადად, სავალ გზასთან ახლოს, ხის ძირას და ქვის ქვეშ ტოვებდა.

სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი სამართალდამცველებმა საგურამოს ტყეში, 10-მდე სამალავიდან ამოიღეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ირინა პლიასი და ბორის ვიდრაშკო დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატს საქმის მასალები ჯერ არ გასცნობია.

დედა-შვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. მათ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ირინა პლიასსა და ბორის ვიდრაშკოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე საპოლიციო ღონისძიებები გუშინ, გვიან ღამით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დღის ამბები