როდის და რა პირობით დასრულდება ომი უკრაინაში? - ევროპელმა ლიდერებმა, მსურველთა კოალიციის შეხვედრის ფარგლებში, ამ საკითხზე იმსჯელეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შანსი მცირეა.
დონალდ ტუსკი ამბობს იმასაც, რომ პოლონეთი, უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში, ჯარებს არ გაგზავნის, თუმცა მზადაა, ევროპასთან ერთად, ლოგისტიკაზე იმუშაოს.
ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარებს არც იტალია გაგზავნის. ჯორჯია მელონის თქმით, რომი კიევს, მის საზღვრებს გარეთ წვრთნებში დაეხმარება.
ევროპის კონტინენტზე მიმდინარე 3-წლიან ომზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტიც. რუსეთი თუ მომავალშიც უარს იტყვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ, აშშ-თან ერთად, ამას მკაფიო პასუხს გავცემთ - ამბობს ემანუელ მაკრონი.
განცხადებას ავრცელებს ურსულა ფონ დერ ლაიენიც - ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც ამჟამინდელი და მომავალი აგრესორებისთვის მოუნელებელია.