19 აგვისტო 2026,   21:14
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - მმართველი გუნდისთვის აქციაზე მომხდარი დაპირისპირება, ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების ლუსტრაციაა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, გუშინ საღამოს, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას გამოჩენას მოყვა. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილების ერთმა ნაწილმა უკმაყოფილება "ლელოს" წევრის მისამართით ჯერ სიტყვიერი შეძახილებით, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებით გამოხატეს.  

დემონსტრანტების გაღიზიანების მიზეზი "ლელოს" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. რუსთაველის გამზირზე შექმნილი ვითარების განსამუხტად, გრიგოლ გეგელიას
 და "ლელოს" წევრებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. 

რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, "ლელოს" საერთაშორისო მდივანი მასზე თავდასხმად არ აფასებს. გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ოპოზიციაში არა დაპირისპირება, არამედ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და მისი ხედვა ოპოზიციის საერთო მიზნებთან თანხვედრაშია.

შეთავაზების მიუხედავად, "ლელოს" მიერ გაწვდილ ხელს, იმავე ქმედებით არ პასუხობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის წითელი ხაზია. 

მხარდამჭერებად "ლელოს" ოპოზიციურ ველზე, ახალი პოლიტიკური პარტნიორები მოევლინნენ. გიორგი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ყველა მხარემ ბრძოლის განსხვავებულ ტაქტიკას, პატივი უნდა სცეს.

აქციაზე მომხდარი დაპირისპირება, ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების ლუსტრაციაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს შორის უთანხმოების ხარისხი იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ისინი ღია დაპირისპირებასაც აღარ ერიდებიან.

თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური ფლანგიდან არჩევნებში "ლელო", პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩი" მონაწილეობენ.

დღის ამბები