მოსყიდვის მცდელობის ბრალდებების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", "ლელოს" არჩევნებთან დაკავშირებულ ტყუილში ადანაშაულებს. ანა წითლიძემ პარტიის "ფეისბუქ ლაივში" ამჯერად თქვა, რომ კოლეგა ოპოზიციონერები იტყუებოდნენ, როდესაც ჯერ კიდევ ღიად არ საუბრობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. მისი თქმით, "ლელო" ორი თვეა სამეგრელოში საარჩევნო კამპანიას ატარებს და მათი ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობს.
მამუკა ხაზარაძის გუნდში ბრალდებები უარყვეს. "ლელო - ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი თოდუას განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი საარჩევნო კამპანიიდან არც გამოსულად და ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩევლებს.
"ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაცია საარჩევნო კამპანიიდან არც გამოსულა. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას ზუგდიდში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად და მუდმივად ვართ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და ვეუბნებით, რომ დიახ სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, "ძლიერი საქართველო", რომლის გვერდით უნდა დადგეთ", - განაცხადა გიორგი თოდუამ.