მუქარის შემცველი გზავნილი "ნაციონალური მოძრაობისგან" ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებმა მიიღეს. ექსპრეზიდენტის პარტიამ, საათნახევრიანი პოდკასტის ძირითადი დრო უკვე ყოფილ პარტნიორებზე საუბარს დაუთმო, მათ მოღალატეები უწოდა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, კოლეგები პოლიტიკურ რინგზე, პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოიწვია.
მუქარას არ იღებს და გადაწყვეტილებას არ ცვლის მთავარი ადრესატი. "ძლიერი საქართველო," "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, ფოკუსი გაასწოროს და რეალური მოწინააღმდეგე, სხვა პოლიტიკურ სცენაზე მოძებნოს.
თანაგუნდელების წინააღმდეგ წავიდა და მომდევნო კვირებს არ დაელოდა ალეკო ელისაშვილი. "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი გადაჭრით ამბობს, რომ ოპოზიციამ 6 დიდი ქალაქის გარდა ყველა მუნიციპალიტეტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, თბილისში კი მერობის ერთიანი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.
ელისაშვილის ახალ ფორმულას, ემიჯნება გახარიას გუნდი, რომელიც ძლიერი საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად რამდენიმე კვირის წინ იქცა. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტის ნაწილობრივ გამოცხადების შემთხვევაში, 4 ოქტომბრის მარათონზე ფსონს "ლელოსთან" ერთად აღარ დადებენ. უფრო მწვავე პოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობას.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში კრიზისი უფრო გამწვავდება, რადგან უცხოელი დამფინანსებლები, "ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლებას, სხვა ოპოზიციური პარტიებით ცდილობენ.
ორ ბანაკად გაყოფილ ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ვისაც მარათონში მონაწილეობა სურთ, საარჩევნო ნომრის მისაღებად, ცესკოს 17 ივლისამდე უნდა მიმართონ.