20 ივნისი 2026,   13:38
ვრცლად
82 დაღუპული და ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული - ტეხასის შტატს გამანადგურებელმა შტორმმა გადაუარა

საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია ასობით მეხანძრე-მაშველი. ღონისძიებებში კინოლოგიური სამსახურის ძაღლებიც მონაწილეობენ.

კერის ოლქში წყალდიდობის შემდეგ მაშველებმა მდინარე გუადალუპეს სანაპიროსთან მდებარე საზაფხულო ბანაკის ტერიტორიაზე 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულების უმეტესობა ბავშვია. სამაშველო ბრიგადები ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ერთ საათზე ნაკლებ დროში, მდინარე გუადალუპეს დონემ 8 მეტრით მოიმატა და კალაპოტიდან გადმოვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტერიტორიაზე ათობით ვერტმფრენი და 500-მდე მაშველი გადაისროლა, თუმცა ბანაკის წინასწარი ევაკუაცია, დროის სიმცირის გამო, შეუძლებელი გახდა.

კერის ოლქთან ერთად, საგანგებო მდგომარეობაა შტატის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში. ტეხასის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას 82 ადამიანი ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ათობით მოქალაქე. განადგურებულია მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს კავშირგაბმულობა. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში, მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოხალისეები მონაწილეობენ.

შტატში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სტიქიით დაზარალებულებს მთავრობა დაეხმარება. თეთრი სახლი კი ტეხასის გუბერნატორის მოთხოვნით შტატში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.

ათასწლეულის სტიქიური უბედურება - ასე უწოდა მომხდარ სტიქიას ამერიკის შეერთებული შტატების ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა. შტატის ხელისუფლება კი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წყალდიდობის განმეორების საშიშროება კვლავ არსებობს.

დღის ამბები