ვაშინგტონს და კიევს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი ხვალ ჩაინიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის დიალოგის მთავარი საკითხი კვლავ სამხედრო დახმარებაა. მხარეები განიხილავენ გავრცელებულ ცნობებს, პენტაგონის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
ის, რომ ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარების შეზღუდვას გეგმავს, თეთრმა სახლმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა. მიზეზად დასახელდა მოკვლევა, რომელიც ამერიკულ შეიარაღებაში სავარაუდო დეფიციტს სწავლობს.
ის, რაც გუშინ თეთრმა სახლმა დაადასტურა, დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო. დიპლომატიურ უწყებაში თქვეს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება. მედია წერს, რომ შეზღუდვა მხოლოდ პოლონეთში განთავსებულ ამერიკულ მარაგებზე ვრცელდება. საუბარია პოლონეთიდან უკრაინაში "პეტრიოტის" და "ჰელ-ფაერის" სისტემების რაკეტების გადატანაზე.
კიევისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის პერსპექტივის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. Fox News-ის ეთერში მარკ რუტემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საკუთარი მიდგომის ცვლილებას არ გამორიცხავს ოფიციალური პრაღა. BBC-სთან საუბრისას ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობა შეიცვლება და შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარება აღარ გაგრძელდეს.
კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებას მიესალმება ოფიციალური მოსკოვი. საკითხზე სატელეფონო კომენტარი კრემლის პრეს სპიკერმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რაც უფრო ნაკლებ იარაღს მიაწვდიან მოკავშირეები უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი.
უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება, ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. დღეს აგრესორის თავდასხმის სამიზნე პოლტავის, ლუგანსკის, ოდესის და ლიპეცკის რეგიონები გახდა, აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, დაიჭრა ათობით მოქალაქე.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.