26 აგვისტო 2026,   14:04
ვრცლად
"გარე მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და დემოკრატიას რეგიონში" - მაია ბითაძე

ქართულმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ორმაგ სტანდარტზე, გარე მანიპულაციებსა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე ისაუბრა. პორტუგალიაში სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აქცენტი გააკეთა ეუთო-ს როლზე, შერჩევით კრიტიკასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების უსაფუძვლო მოთხოვნაზე.

"ჩვენ არ ვართ თავისუფალი საფრთხეებისგან, მაგრამ ჩვენ ქაოსს - სტაბილურობა, პოპულიზმს - ინსტიტუტები და მოკლევადიან პროვოკაციას გრძელვადიანი ხედვა ვარჩიეთ. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სწორედ, ამიტომ არის ეუთო მნიშვნელოვანი, ხოლო მისი როლის შელახვა პოლიტიზებული დაკვირვებით ან შერჩევითი კრიტიკით არა მხოლოდ საქართველოს მიმართ არის უსამართლო, არამედ ეს ეჭვქვეშ აყენებს ჰელსინკის აქტისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს.

საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდება ძირს უთხრის თავად ეუთო-ს სანდოობას. ასეთი განცხადებები რადიკალური ოპოზიციის, ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ძალების რიტორიკას იმეორებს და ეუთო-ს სასიცოცხლო როლის პოლიტიზების რისკს ქმნის. ჩვენ მოვითხოვთ პატივი ვცეთ ეუთო/ოდირის დასკვნებს და თავი შევიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვისგან.

ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ საქართველოს მიმართ კრიტიკა ჟღერდეს, იმ სტანდარტების გამოყენებით, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტის, ინსტიტუტების, დასაცავად. ის, რასაც ბრიტანეთში, კანადაში ან შვედეთში დანაშაულს უწოდებენ, არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკურ დევნად იქნას რებრენდირებული. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის სუფთა ცინიზმი. გარე მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და დემოკრატიას რეგიონში," - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკითხზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უკვე მეორე დღეა განცხადებები ისმის. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი და არჩევნებში მიღებული 40 პროცენტის არგამოყენება უსამართლობაა ამომრჩევლებთან მიმართებაში. არჩევნების ორგანიზებულად და სამართლიანად ჩატარებაზე ისაუბრა შვეიცარიის დელეგაციის წევრმაც.

დღის ამბები