პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეუჩერა იმ რაკეტების მიწოდებაც, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე იყო განთავსებული - ამას უკვე "ვოლ სტრიტ ჯურნალი" წერს.
საკითხზე განცხადებას აკეთებს ჩეხეთის პრეზიდენტიც. პეტერ პაველის თქმით, ქვეყანა ვერ შეძლებს გარანტიის მიცემას, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრაღა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს.
თემაზე "ფოქს ნიუსის" ეთერში ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მარკ რუტეს განმარტებით, მისთვის გასაგებია, რომ აშშ-მა შეიარაღების საკუთარ მარაგებზე უნდა იზრუნოს, ამის მიუხედავად უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გაძლებს შტატების სრული მხარდაჭერის გარეშე.
"უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა აახლოებს კონფლიქტის დასასრულს", - ასეთია ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე კრემლის პოზიცია, რომელიც დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა.