26 აგვისტო 2026,   14:12
ვრცლად
გიორგი ვაშაძე დაკავებულია - "ქართული ოცნების" წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია

გიორგი ვაშაძეს პოლიციამ ხელბორკილები პარტიის ოფისში მას შემდეგ დაადო, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვერდიქტი გამოაცხადა. სამართალდამცველებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს განჩინება გააცნეს და ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვაშაძემ დაკავებამდე ოპოზიციის წევრებს ერთიანობისკენ, სხვა ქვეყნებს კი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გიორგი ვაშაძის მხარდასაჭერად მისული კოლეგები. ვაშაძის ოფისში იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დილით გამოაცხადა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, გიორგი ვაშაძეს 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე ისაუბრა ახლადარჩეულმა გენერალურმა პროკურორმაც. გიორგი გვარაკიძემ ოპოზიციას შეახსენა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

კანონის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მმართველმა გუნდმაც. "ქართული ოცნების" წევრებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნებისმიერ კანონდარღვევას კი, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

გიორგი ვაშაძეს ბრალი 349-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ამავე ბრალდებით, გუშინ უკვე დააკავეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ზურა ჯაფარიძეს. ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და გივი თარგამაძე განაჩენს ელოდებიან.

დღის ამბები