ოპოზიცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობს. პარტიებში ბრიფინგები გაიმართა.
"საზოგადოებამ იხილა კადრები როგორ ღირსეულად, მშვიდად წავიდა უსამართლო ტყვეობაში დღეს ნიკა გვარამია. მათთვის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, სიმართლე დანაშაულია, მაგრამ ყველა ჩვენგანს ვერ დაიჭერენ და რომც დაგვიჭირონ, მაინც ვერ გაგვაჩუმებენ“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აბსურდი უწოდეს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დაკავებას.
"ძალიან მძიმეა საყურებლად, სანახავად, გასაანალიზებლად და გასააზრებლად რაოდენ ნორმალიზება ხდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების ანგარიშსწორება, მათი დაპატიმრება. სრული სოლიდარობა ნიკა გვარამიას. მე დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ძალიან მალე იქნებიან გარეთ“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.
ნიკა გვარამია დააკავეს - პოლიტიკოსი თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლო სხდომის პარალელურად, ის სამართალდამცველებმა პენიტენციური დაწესებულების მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ციხეში შეასახლეს. პოლიტიკოსი საპატიმროსთან მივიდა მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალეს. საფუძველი გახდა 30 ათას ლარიანი გირაოს გადაუხდელობა. საქმე აღძრულია პარლამენტში მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე. პოლიტიკოსი კომისიაზე არ გამოცხადდა.