20 აგვისტო 2026,   17:22
ვრცლად
ახალი სივრცეები, მედიათეკა, ვარდების ხეივანი და გვირილების მოედანი - ქუთაისის ცენტრალური პარკი განახლდა

ქუთაისის ცენტრალური პარკი, რომელიც ადგილობრივებისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილია, ახლა კიდევ უფრო თანამედროვე და კომფორტული გახდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. პარკის შიდა ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სივრცეები და მედიათეკა.

განახლებული პარკი უცხოელ ვიზიტორებსაც იზიდავს. დამთვალიერებელს რეკრეაციული ზონის შენარჩუნებული, ისტორიული იერსახის ნახვა შეუძლია. რეაბილიტაციის პროცესში ქუთაისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებით განახლდა ინფრასტრუქტურაც.

ვარდების ხეივანი და გვირილების მოედანი - ცენტრალურ პარკს დამატებით დასასვენებელი სივრცეები შეემატა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ კოლონადებს. განახლდა არსებული და დამონტაჟდა ახალი შადრევანი. პარკი მზად არის, კვლავაც უმასპინძლოს ფესტივალებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე განახლდა კომუნიკაციები, დაიგო საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა ენერგო ეფექტური განათების ბოძები. ისტორიული ბაღის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში განახორციელა.

პროექტის შესრულებაზე 15 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

დღის ამბები