20 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
"უფრო მეტად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა, რაც მართლმსაჯულების სისტემისთვის დამაზიანებელი" - ლანა გალდავა გენერალური პროკურორის შერჩევის წესის ცვლილებაზე

გენერალური პროკურორის შერჩევის წესის ცვლილებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება არასაჯაროდ იყოს მიღებული.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პირი, ვის მიმართაც აუცილებლად იქნება საზოგადოების ნდობა.

"გენერალური პროკურორი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პირი, ვის მიმართაც აუცილებლად იქნება საზოგადოების ნდობა. რაც შეეხება უშუალოდ საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილების მანდატის გაზრდას, მე მესმის, რომ მანდატის ფარგლებში ისინი თანამდებობის პირების უშუალო საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციებში ვერ ერევიან, მაგრამ დამოუკიდებლად გამოუთქვამთ ოდესმე აზრი? უფრო მეტად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა, რაც არის ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემისთვის დამაზიანებელი," - აცხადებს ლანა გალდავა.

შეფასება გააკეთა პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ, რომელიც პარალელურად, საპროკურორო საბჭოს წევრია.

"საპროკურორო საბჭოს წევრებს მოგვცეს კანდიდატების დასახელების უფლება. თქვეს, რომ კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს აღვასრულებთო. მეგონა, რომ აქამდეც კონსტიტუციურად ვიქცეოდით ჩვენ, საპროკურორო საბჭოს წევრები ვინც ვიყავით. თუმცა, წინა პროკურორს გასაუბრებას ვუტარებდით. მაგრამ, დიდი მნიშვნელობა მგონი ამას ქართველი ხალხისთვის არ აქვს. ეს არ არის იმისთვის, რომ ჩემი უფლებამოსილება გაიზარდოს, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ზედმეტი პროცედურები არ იყოს დაცული,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები