რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა დასასრულს მიუახლოვდა. 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რამდენიმე თვიანი პატიმრობიდან თავიანთ ოჯახებს უკვე დაუბრუნდა.
სამხედროები ჰყვებიან, რომ სამშობლოში დაბრუნების იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ. ხანგრძლივი ტყვეობიდან გათავისუფლება მათთვის მოულოდნელი იყო.
უკრაინელი ტყვე: "სურათები გადაგვიღეს, ტრანსპორტში ჩაგვსვეს, თვალები აგვიხვიეს და ბელარუსის საზღვრამდე მიგვიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენ გვათავისუფლებდნენ".
მებრძოლების შინ დაბრუნებას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ თითოეული უკრაინელის გათავისუფლება არის ის, რაზეც მისი ადმინისტრაცია ყოველთვის მუშაობს.
ტყვეების გაცვლის შემდეგ, რუსული მხარე უკრაინას ომის დასრულებისთვის, საკუთარ პირობებს გეგმის სახით წარუდგენს. კრემლს მემორანდუმის ტექსტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
დოკუმენტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა კრემლის მემორანდუმის მიმართ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი სკეპტიკურად არის განწყობილი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი არ არის ერთადერთი, რაზეც რუსული მხარე მუშაობს.
ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, დააწესონ ბუფერული ზონა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე.
კრემლის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივების დახმარების, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მოტივით ხსნის. რუსეთის პრეზიდენტს ჯერ არ დაუკონკრეტებია, საზღვრის რა მონაკვეთს განიხილავს ნეიტრალური დერეფნის ზონად.
ტყვეობაში მყოფი სამხედროების გაცვლის პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ გასულ ღამეს სარაკეტო დარტყმებიც გაცვალეს. აგრესორმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო იერიში კიევზე მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით, ოკუპანტმა 250-მდე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. უკრაინული დრონების სამიზნე კი რუსეთში, ლიპეცკის რეგიონში მდებარე სამხედრო შენობა გახდა.
ავტორი: სანდრო სანაია