23 ივნისი 2026,   00:41
ვრცლად
კოლაფსი რუსეთის აეროპორტებში, მეორე დღეა მოსკოვსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ფრენები შეჩერებულია - მოსკოვი კი, პარალელურად 9 მაისის აღლუმისთვის ემზადება

კოლაფსი რუსეთის აეროპორტებში - მეორე დღეა, დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ფრენები შეჩერებულია. დაზარალდა 60 000-ზე მეტი მგზავრი. მიზეზი, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული დრონებით თავდასხმებია.

თავდასხმების პარალელურად, მოსკოვი 9 მაისის აღლუმისთვის ემზადება. წითელ მოედანზე ჯარი და სამხედრო ტექნიკა დღეს დილიდან გამოჩნდა. უსაფრთხოების ზომები კი მაქსიმალურად გამკაცრდა. რუსეთში უკვე ჩავიდნენ კუბისა და ვენესუელას პრეზიდენტები. მოსკოვშია სერბეთის პრეზიდენტიც, რომლის თვითმფრინავსაც სერბული მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ და ლატვიამ თავიანთი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაუკეტეს.

9 მაისს ღონისძიებას მოსკოვში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც დაესწრება. წითელ მოედანზე ელოდებიან ბრაზილიის, ყაზახეთის, ბელარუსის პრეზიდენტებს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსაც.

კრემლის ინფორმაციით, ძალაში რჩება ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამდღიანი ზავიც.

დაანონსებულ სამდღიან ზავამდე კი მოსკოვი კიევს ისევ უტევს. უკრაინის დედაქალაქზე საოკუპაციო ძალების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით დაშავებულს შორის 3 ბავშვია. რუსეთმა დაბომბა ზაპოროჟიეც.

ვოლოდიმირ ზელენსკის სამდღიან ზავთან დაკავშირებით, დღეს, დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ისევ სამხედრო დახმარება სთხოვა. ზელენსკიმ გერმანიის ახალი კანცლერის გზავნილი პარიზიდან მიიღო.

ვიდრე მსოფლიო ისევ მსჯელობს, კიევი ფრონტზე სამხედრო დანაკლისის შევსებას ცდილობს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრძოლის ველზე პატიმრების 20-30%-ის მობილიზება განახორციელონ.

დღის ამბები