"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
გუნბამ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო და დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური პირველ მარტს ჩატარდა. ე.წ. არჩევნებში გამარჯვება, გუნბას რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია და ვერც არჩევნებზე და ვერც მის კანდიდატებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ეს პირველი არჩევნები არ ყოფილა და ეს არის ე.წ. არჩევნები, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამაზე ვერც სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ და ვერც კანდიდატებზე გავაკეთებთ კომენტარს ეს არის ე.წ არჩევნები, ეს არის არალეგიტიმური არჩევნები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.