13 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
"მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე სატყეო სააგენტოს მიერ მობილიზებულია სათბობი შეშა" - სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძე

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვიან. ამ დროის მონაცემებით, გურიაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება 5 000-მდე აბონენტი, გაზმომარაგება კი დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს აღუდგა.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.

მათივე ცნობით, რეგიონში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია. ცოტა ხნის წინ, გურიაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს. სურსათს, პირველადი მოხმარების საგნებს და წამლებს სტიქიის ზონაში მოსახლეობას დაურიგებენ.

იმ დასახლებებში, როლებიც გარე სამყაროს მოწყვეტილია, დახმარებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დრონებით ჩაიტანენ.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, გზების აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ასევე მობილიზებულია ჰუმანიტარული საშუალებები.

"მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური, ასევე სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი და ეს მობილიზაცია გრძელდება. ასევე სატყეო სააგენტოს მიერ მობილიზებულია სათბობი შეშა. ტვირთის მიწოდება, სადაც მანქანის გადაადგილება არის შესაძლებელი, ხდება სატრანსპორტო საშუალებებით, ასევე ტვირთი მიეწოდება სპეციალური თოვლმავალი საშუალებებით ხდება ისეთ ადგილებში, სადაც ჯერჯერობით მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზმომარაგების აღდგენის კუთხით, აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება", - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

 

დღის ამბები