26 აგვისტო 2026,   14:15
ვრცლად
"ქართული ოცნების " პოლიტიკა უკრაინის ომზე - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას მეორე ფრონტი და ეკონომიკური კოლაფსი აარიდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე "ქართული ოცნება" მათ მიერ წარმოებულ პრაგმატულ პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მეორე ფრონტი და ეკონომიკური კოლაფსი აარიდა. მმართველ გუნდში, რუსულ აგრესიამდე პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც იხსენებენ, რომელიც ომის არიდებას და მშვიდობას უჭერდა მხარს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა, დღეს ადგილობრივი ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოწოდებებიც გაიხსენეს. მოხალისეების თვითმფრინავის გაგზავნა, სანქციები რუსეთს და სავიზო რეჟიმის გამკაცრება - ოპონენტების მხრიდან წარსულში ამ მოთხოვნების დაყენებას - "ოცნება" სახელმწიფო ინტერესების დაუფარავ ღალატს უწოდებს.

რამდენად მართებული იყო, უკრაინაში მოხალისეების გაშვებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა - ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მესამე სექტორში არ ისურვეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი უკრაინა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე აკეთებს აქცენტს. პოლიტიკოსებმა დღეს 90-იან წლებში, აფხაზეთში, უკრაინის როლი გაიხსენეს და თქვეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როგორც სამხედრო ისე ფინანსური კუთხით, მეტი კონტრიბუცია უნდა გაეღო.

მესამე სექტორსა და ოპონენტებს ე.წ. დიფ სთეითის გავლენის აგენტებს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, ოპონენტების ერთადერთ მიზანს - საქართველოში დესტაბილიზაციური პროცესების წახალისება წარმოადგენდა, რასაც მეორე ფრონტი და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა უნდა მოჰყოლოდა.

სამწლიანი ომის შედეგები უკრაინაში, მთავრობის სხდომაზე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, აუცილებელია დამანგრეველი კონფლიქტი დროულად დასრულდეს.

რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სამწლიანი შეუჩერებელი ომის ფონზე, ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის არ გახსნისა და დამანგრეველი შედეგების არიდების მთავარ მიზეზად, მათ მიერ წარმოებულ ფრთხილ და რაციონალურ პოლიტიკას ასახელებს.

დღის ამბები