"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის განცხადება, რომელიც საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ლორა თორტონს ამორალურს უწოდებს.
მისი თქმით, ეს ადამიანი ვერ მალავდა აღშფოთებას, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა.
"ქალბატონი ლორა თორტონი არის იმ გაიდლაინის ავტორი, რომელიც გადასცემს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ დემონსტრაციები სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ქალბატონი ლორა თორტონი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია, თუ როგორ არ არის მსხვერპლი დღემდე, ვინაიდან ეს აქციები უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. ვერ მალავს იგი თავის აღშფოთებას, ოფიციალური განცხადება მიუძღვნა ამ ყველაფერს, რომ მსხვერპლს ველოდებოდიო.
ქალბატონ ლორა თორტონთან და მის კომენტარებთან დაკავშირებით ვერანაირ სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, ეს არის ამორალური ქალბატონი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.