26 აგვისტო 2026,   21:00
ვრცლად
ვლადიმერ ბოჟაძე USAID-ზე: დიდი ალბათობით, ის პროექტები აღარც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება, შესაბამისად, აღარ გაგრძელდება ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდნენ

"90-დღიანი გადაწყვეტილება, რომ გაჩერებულიყო ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტული პროექტები არ იქნებოდა შესწავლილი, არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც იმ ადამიანების გაშვება, რომლებიც, როგორც ჩანს, "დიფ სთეითის" დავალებით, კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას," - ეს განცხადება აშშ-ის მხრიდან საგარეო დახმარებების შეჩერებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა.

ბოჟაძე ვარაუდობს, რომ ის პროექტები არც 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ არ გაგრძელდება.

"ეს აისახა, მათ შორის, საქართველოში დაფინანსებაზე - თქვენ იცით, როგორი ბედნიერები იყვნენ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფომ, წინა ადმინისტრაციიდან გამომდინარე, შეწყვიტა სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. თუმცა იცით, რომ არცერთი პროექტი არ გაჩერებულა, მათ შორის, ქართულ ჯართან მიმართებაში, ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ა.შ. - ამას თავად ქართული სახელმწიფო დააფინანსებს.

დიდი ალბათობით, ის პროექტები აღარც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება, შესაბამისად, აღარ გაგრძელდება ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და ხალხის წინააღმდეგ," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გაათავისუფლა. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი თანამშრომლები შვებულებაში წავიდნენ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, რომელიც საგარეო დახმარებას დროებით აჩერებს; ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო პრეზიდენტის გადაწყვეტილების გვერდის ავლაში დაადანაშაულეს.

ტრამპი დიდი ხანია ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო დახმარებას აკრიტიკებს. ახალი პრეზიდენტის წინა კვირას გამოცემული განკარგულებით, 90 დღის განმავლობაში ჩერდება აშშ-ის საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა.

დღის ამბები