ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე ხვალ იკრიბება. სტრასბურგში ქართულ დელეგაციას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
ოპოზიცია სესიაზე ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ დაინიცირებული არ არის, თუმცა მათ ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.
ოპოზიციური პარტიები სტრასბურგისგან ითხოვენ, არ ცნონ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მათი სურვილია საქართველოს ევროპული კურსი გაგრძელდეს და ქვეყანამ ევროპული მომავლიდან არ გადაუხვიოს.
"ის კრიტიკული ანგარიში, რომელიც ვებგვერდზე დევს და რომელიც უნდა იქნას განხილული, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ როგორ ხელყო "ქართულმა ოცნებამ" ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციაში ჰქონდა.
ჩვენი თანაგუნდელი ადგილზე იქნება, ჩვენი პარტნიორი პარტიის მოწვევით და რა თქმა უნდა, გარდა იმ წერილისა, რომელიც მივწერეთ მათ, პირისპირ იქნება შეხვედრები.
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა ვიბრძოლოთ საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.