27 აგვისტო 2026,   21:37
ვრცლად
"რატომღაც, ბაჩიაშვილმა ჩათვალა, რომ შეუძლია, ამოეფაროს ოპოზიციურ რადიკალურ ძალებს, დააფინანსოს ისინი, იაროს აქციებზე და ამით შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები" - ლადო ბოჟაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. ბოლო დღეებში, სასამართლო სხდომებზე და სხდომების შემდეგ, ბაჩიაშვილის განცხადებები, "ქართული ოცნების" შეფასებით, ზუსტად იმეორებს მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის რიტორიკას, რომლებიც დაკავებისა და ბრალის წარდგენის შემდეგ, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.

"ბაჩიაშვილმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული. იცით, რომ მან 9 ათასამდე ბიტკოინი მოჰპარა ბიძინა ივანიშვილს და ეს დავა არაერთი წელია გრძელდება. თუმცა, რატომღაც ბაჩიაშვილმა ჩათვალა, რომ მას შეუძლია პოლიტიკურ ძალებს ამოეფაროს, ოპოზიციურ რადიკალურ ძალებს, დააფინანსოს ისინი, იაროს აქციებზე და ამით შეიქმნას გარკვეული სამართლებრივი გარანტიები.

მას, ასევე გარედან გარკვეული ძალები, როგორც ჩანს, აძალებენ, ითანამშრომლოს რადიკალურ ოპოზიციასთან, დააფინანსოს ოპოზიცია იმ გარანტიებით, რომ ისინი მისცემენ საშუალებას, დამალოს ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა. ბაჩიაშვილი შეიძლება არ გახდეს ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფაქტია, რომ ის ცდილობს, დააფინანსოს ოპოზიცია, გახდეს იმ აქციების ორგანიზატორი და დამფინანსებელი, რომელსაც ვხედავთ 28 ნოემბრის შემდეგ. რა თქმა უნდა, ის შეეცდება პოლიტიკური ელფერი შესძინოს ამ ყველაფერს, თუმცა თქვენ იცით, რომ დანაშაული არის წლების წინ ჩადენილი და, რა თქმა უნდა, არც მაშინ, არც მანამდე, ბაჩიაშვილს არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური განცხადებები მას არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი უცხოელი მფარველები და ადვოკატები აიძულებენ ამ გეგმით და სქემით იმუშაოს", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები