"ქართულ ოცნებაში" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციური სპექტრის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ტრამპს რუსეთის ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებდნენ დღეს კი აქებენ.
საპასუხოდ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც დასავლეთთან ღია კონფრონტაციაში შევიდა, "ქართული ოცნებაა".
"ცინიკურია, რომ ის რეჟიმი, რომელიც ღია კონფრონტაციაში შევიდა დასავლურ სამყაროსთან და მის ლიდერებთან, სხვების ე.წ. დაპირისპირებაზე საუბრობს. სინამდვილეში, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოყენებაში თუ ვინმე არის შემჩნეული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, არის ივანიშვილი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპის მისამართით მსგავსი ბრალდებები მათი პარტიის მხრიდან არ ჟღერდებოდა, შესაბამისად ამ საკითხზე იმ პირებმა უნდა იმსჯელონ, რომლებიც მსგავს შეფასებებს აკეთებდნენ.
"ჩვენი პარტიისგან მსგავსი შეფასებები არ ყოფილა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამერიკული დემოკრატიული სისტემა და როგორ მუშაობს ის. თუ ამ საკითხებში ერკვევი წარმოუდგენელია ასეთი ცალსახა შეფასებები გააკეთო. ამიტომ, თუ ვინმემ მსგავსი შეფასებები გააკეთა და ახლა პოზიციები შეცვალა, ეს მხოლოდ არათანმიმდევრულობაზე და ცოტა პოლიტიკურ სიბეცეზე მეტყველებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.