საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის კარი, ხვალ დილის 9 საათზე საქართველოს ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გაიღება. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, ქვეყნის მთავარსარდალს, 5 წლის ვადით 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია აირჩევს. ამ სისტემით საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება და ეს მოდელი გერმანული და ამერიკული საარჩევნო მოდელის მსგავსია. 300 კაციან კომისიაში კვოტები პროპორციულად არის გადანაწილებული - 211 წევრი "ქართულ ოცნებას" ჰყავს, 69 ოპოზიციას და 20 აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.
პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 ხმა, კანდიდატი მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილია - საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი და ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მთავარი ამოცანა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი პრეზიდენტი ზეპარტიული ლიდერი იქნება.
300 კაცისგან შემდგარ საარჩევნო კომისიაში, საკუთარი კვოტა აქვს ოპოზიციასაც, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ისინი მიხეილ ყაველაშვილის არჩევას საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ქუჩაში გააპროტესტებენ. ოპოზიციაში წინასწარ ამბობენ იმასაც, რომ ახალ პრეზიდენტს ლეგიტიმაცია მათი მხრიდან არ ექნება.
ოპოზიციის განცხადებები სახელისუფლებო გუნდისთვის არასერიოზულია, სადაც დღეს კიდევ ერთხელ თქვეს ის არგუმენტები, რის გამოც პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა დაასახელეს. მთავარი ”ქართულ ოცნების” თქმით პატრიოტიზმია. ყაველაშვილისგან პრეზიდენტის ინსტიტუციის მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაბრუნების მოლოდინი აქვს ხალხის ძალას, ყოფილი დეპუტატი სწორედ მათ ჯგუფში ირიცხებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს, ხვალ ცესკო წარმართავს. მას შემდეგ რაც დელეგატები კანდიდატს ხმას მისცემენ და არჩევნები დასრულდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს, ბიულეტენებს დაითვლის და კომისიის წევრებს მათ მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს დაუსახელებს. მთლიანად პროცესი ღია იქნება, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობას ლაივ სტრიმის რეჟიმში დააკვირდეს.
"ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, 27 ნოემბერს დაასახელა. მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.