26 აგვისტო 2026,   20:31
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ - პასუხი ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებზე

ხელისუფლების ლეგიტიმაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებულმა მხარდაჭერამ განსაზღვრა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია და პასუხი ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებზე. საუბარია პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაზე. პლატფორმა X-ზე, ევროკავშირის ელჩს, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ.

"სირცხვილი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს", "მიუღებელია" - ეს იმ სიტყვებისა და ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დიპლომატმა ევროპელი დეპუტატებისგან მიიღო.

რამდენად ჯდება ევროპელი დიპლომატის საჯარო შეურაცხყოფა დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებში - ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას დღეს ოპოზიციაში მოერიდნენ. არც იმაზე უსაუბრიათ, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ევროკავშირის ელჩისა და ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას. თქვეს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მათი გამარჯვება არცერთ ევროპელ ლიდერს არ მიულოცავს.

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს სოციალურ ქსელის დახმარებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი სუბიექტური ინტერესების მიხედვით მოქმედებს, რაც სახიფათო ტენდენციების გაჩენას უწყობს ხელს. კანონმდებლებმა დღეს, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიტინგებზე მათი ყოფნა და მოწოდებებიც გაიხსენეს.

განმარტეს, რომ პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური პროტოკოლის დაცვით მოქმედებდა. მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას კი ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.

პაველ ჰერჩინსკიმ ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა 9 დეკემბერს გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.

 

დღის ამბები